ნიჭი ადგილს არ ირჩევს.
შესაძლებლობა კი ყველგან თანაბრად არ არსებობს.
მესხეთს ყოველთვის ჰყავდა ნიჭიერი, შრომისმოყვარე და მიზანდასახული ადამიანები.
ამ მხარეს თავისი ხასიათი აქვს — სიდინჯე, თავმდაბლობა, შრომის სიყვარული, გონიერება და საკუთარი ძალების რწმენა.
ეს ის ღირებულებებია, რომლებიც თაობებს გადაეცემოდა და დღესაც ჩვენი იდენტობის ნაწილია.
გვჯერა, რომ ბავშვისა თუ ახალგაზრდის განვითარების შესაძლებლობას არ უნდა განსაზღვრავდეს ის, თუ სად დაიბადა ან სად ცხოვრობს.
სწორედ ამიტომ გვინდა მესხეთში შევქმნათ გარემო, სადაც ბავშვებსა და ახალგაზრდებს საკუთარ რეგიონში ექნებათ შესაძლებლობა, განვითარდნენ თანამედროვე სტანდარტებით, ხარისხიან და თანმიმდევრულ გარემოში — საკუთარი ფესვებისა და ღირებულებების პატივისცემით.
გარემო, სადაც ნიჭს დაინახავენ, შესაძლებლობას მხარს დაუჭერენ, ხოლო შრომას განვითარების რეალური გზა ექნება.
ჩვენი მიზანი მხოლოდ ფეხბურთელების განვითარება არ არის.
გვინდა, ფეხბურთი იქცეს განვითარების გზად — გზად, რომელიც ბავშვებსა და ახალგაზრდებს დაეხმარება ჩამოყალიბდნენ არა მხოლოდ ფეხბურთელებად, არამედ თავდაჯერებულ, თავისუფლად მოაზროვნე, პასუხისმგებლიან, დამოუკიდებელ და საკუთარ ფესვებზე მყარად მდგომ ადამიანებად.
ადამიანებად, რომლებიც საკუთარ შესაძლებლობებს ირწმუნებენ, შრომის ფასს გაიგებენ და მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას საკუთარი მხარისა და საზოგადოების განვითარებას მოახმარენ.
მესხეთის მომავალს სხვაგან არ უნდა ვეძებდეთ — ის აქ იზრდება.
ჩვენი პასუხისმგებლობაა, შევქმნათ პირობები, სადაც ამ მომავალს საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენის, განვითარების და წინსვლის რეალური გზა ექნება.
ეს გზა აქ იწყება.
მესხეთში.








